ყველასთვის საყვარელი, ლეგენდარული მსახიობი გარდაიცვალა
ოლივია ჰასი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ჯულიეტას როლის შესრულებით, 1968 წლის ლეგენდარულ ფილმში „რომეო და ჯულიეტა“ 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- არგენტინაში დაბადებული და ლონდონში გაზრდილი მსახიობი პარასკევს, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ Instagram გვერდზე გავრცელდა.
ჰასმა „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა როგორც საუკეთესო ახალბედა მსახიობმა ჯულიეტას როლისთვის, თუმცა წლების შემდეგ Paramount Pictures-ს უჩივლა. ის აცხადებდა, რომ 15 წლის ასაკში გადაიღეს ფილმში შიშველი სცენაში, რაც მან სექსუალური ძალადობის აქტად მიიჩნია.
მისი ასევე ერთ-ერთი გამორჩეული როლი იყო მარიამი, იესოს დედა, 1977 წლის მინისერიალში „იესო ნაზარეთიდან“.
“ჩვენ ვგლოვობთ ამ უდიდეს დანაკარგს, თუმცა ასევე ვზეიმობთ ოლივიას დაუვიწყარ გავლენას ჩვენს ცხოვრებასა და კინემატოგრაფიაზე,“ – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
ოლივია ჰასი 1951 წელს ბუენოს-აირესში, არგენტინაში დაიბადა, თუმცა შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა, სადაც იტალია კონტის სახელობის დრამატულ სკოლაში სწავლობდა.
მისი კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ის სცენაზე აღმოაჩინა სპექტაკლში „მის ჯინ ბროუდის ყვავილობა“, სადაც ოლივია ვანესა რედგრეივთან ერთად თამაშობდა.
ძეფირელი ეძებდა ახალგაზრდა მსახიობს, რომელიც იდეალურად შეესაბამებოდა ჯულიეტას როლს შექსპირის პიესის სრულყოფილი კინოვერსიისთვის.
ჰასი დაამტკიცეს ჯულიეტას როლზე, ხოლო რომეოს როლი 16 წლის ბრიტანელმა მსახიობმა, ლეონარდ უაითინგმა შეასრულა.
ფილმმა ოსკარზე ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიებში. ჰასი კი „ოსკარის“ ნომინაციის გარეშე დარჩა იმ წელს, როცა ბარბარა სტრეიზანდმა მთავარი ჯილდო მოიგო ფილმისთვის „Funny Girl“.
თუმცა „ოქროს გლობუსზე“ ჰასმა საუკეთესო ახალი ვარსკვლავის ტიტული მიიღო.
წლების შემდეგ ჰასმა და უაითინგმა Paramount Pictures-ს უჩივლეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ძეფირელიმ, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა, უთხრათ, რომ შიშველ სცენებს არ გადაიღებდნენ, მაგრამ მოგვიანებით მაინც აიძულა ამის გაკეთება.
მსახიობებმა 500 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაცია მოითხოვეს, რადგან განაცხადეს, რომ ამ სცენებმა მათ მძიმე მორალური ტკივილი მიაყენა და ფილმს უზარმაზარი ფინანსური წარმატება მოუტანა.
თუმცა, 2023 წელს მოსამართლემ სარჩელი უარყო, რადგან სცენა „საკმარისად სექსუალური შინაარსის“ არ აღმოჩნდა.
წყარო: ambe