„როგორც ამბობენ, საყვარელი დირექტორი ვარ, თუმცა მსახიობის გარდა, სხვა პროფესიას არ ვაღიარებ…” – სად არის და რას საქმიანობს „ანანო”, სერიალიდან „შუა ქალაქში”
რადიო „ფორტუნა პლუსის” გადაცემა „ვიზიტორის” სტუმარი მსახიობი, მარიამ ჯოლოგუა იყო, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „შუა ქალაქში”
სერიალი, რომელმაც შენ დიდი პოპულარობა მოგიტანა, „შუა ქალაქში” და შენი როლი, ანანო…
სერიალმა „შუა ქალაქში” ჩემი თაობის მსახიობებს დამაწია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაზე ნაკლებად საკუთარ თავს იუმორისტულ სერიალში ვხედავდი. ქასთინგისთვის დამირეკეს და მივედი. კი ვამბობ, რომ პოპულარობა არ მაინტერესებს-მეთქი, მაგრამ ახლა მიხარია, თუ ქუჩაში მცნობენ, ესე იგი, ძალიან არ შევცვლილვარ. თუმცა, ისე, ყოფილა შემთხვევა, რომ გამვლელისთვის მითქვამს, გეშლებათ, არ ვარ მე ანანო-მეთქი. ახლა საახალწლო საკონცერტო სერიების გადაღების პროცესი მახსენდება – ყველანი ჩავმწკრივდით, თავი გადაღებაზე გვეგონა, ფარდა დაიძრა და მაყურებლისგან ისეთი ხმა გავიგეთ, ეს ხმა არასდროს დამავიწყდება. ეს იყო სტიქიური ხმა. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვიკრიბებით, დრო ჩერდება და თითქოს მე ისევ 27 წლის ვარ.
შენი შვილიც მსახიობია…
თავიდან საშინელი წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა მე არ გამიბრძოლია. ბუკა ძალიან ემოციურია, ზედმეტად წესიერი ადამიანია. რობერტ სტურუასთანაა, სერიალში, „ცვალებად ნიშნებშიც” იღებს მონაწილეობას.
რას საქმიანობ ამჟამად?
ეს არის თეატრალური სტუდია, ბავშვთა და მოზარდთა. ისე მოხდა, რომ ამ საქმიანობამ ჩემი დრო სრულად ჩაიგდო ხელში. მე ვწერ, ვდგამ სპექტაკლებს. როგორც ამბობენ, საყვარელი მენეჯერი და დირექტორი ვარ, თუმცა მე ჩემს ცხოვრებაში მსახიობის გარდა, სხვა პროფესიას არ ვაღიარებ.